მთავარი » 2012 » მაისი » 21 » კოლხეთი 0 2 მეტალურგი we are the champiosn?
9:59 PM
კოლხეთი 0 2 მეტალურგი we are the champiosn?

სხვაგან სად მოხდება ასეთი ამბავი?! ქვეყნის ჩემპიონობას ერთდროულად ორი გუნდი ზეიმობს!


ნამდვილად საავტორო უფლება გვაქვს დასაპატენტებელი, თანაც, სასწრაფოდ; ემანდ, ვინმე უცხოტომელმა არ დაიბრალოს ჩვენი დებულების ავტორობა. მერე სადღა იქნება ბოლო ტურში ესოდენ დიდი ინტრიგა, ანდა სადღა გვეყოლებიან როგორც დე-იურე, ისე დე-ფაქტო ჩემპიონები?

20 მაისს "მეტალურგი" ფოთში აღნიშნავდა ჩემპიონობას, "ზესტაფონი" კი - საკუთარ არენაზე. თუმცა, ალბათ, ამ ტრაგიკომიკურ ამბავს გაგრძელება კიდევ მოჰყვება.

მატჩის შემდეგ რუსთაველთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა გვითხრა: "ჩვენი საქმე თამაში, ბრძოლა და მოგებაა. მოედნის გარეთ რაც ხდება, ეს უკვე ფედერაციისა და კლუბების ხელმძღვანელების პრეროგატივაა".

"მეტალურგს" გადამწყვეტ შეხვედრაში უმოტივაციოდ მყოფ "კოლხეთთან" მოგება სჭირდებოდა და მოიგო კიდეც. გაქარწყლდა იმათი ვარაუდები, ვინც ფიქრობდა, რომ ზღვისპირული კლუბი "მეტალურგს" "თავს შეაკლავდა" და ფოთიდან დაღონებულს გაუშვებდა.

მასპინძლებს მონდომებას ვერ დავუკარგავთ. ისინი ზედმეტად ხისტადაც კი ეთამაშებოდნენ მეტოქეს, მაგრამ რუსთავური კლუბი გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა და, ფაქტობრივად, პირველ ტაიმშივე გადაწყვიტა მატჩის ბედი.

"კოლხეთი"-"მეტალურგის" დაპირისპირებას დიდი ინტერესი მოჰყვა. ქვემოქართლური კლუბი ჩემპიონობისთვის ემზადებოდა და რუსთავიდან გულშემატკივართა დიდი ჯგუფიც ჩამოჰყვა, რომელიც ორგანიზებულად ქომაგობდა საყვარელ გუნდს და თამაშის შემდეგ კი ფეხბურთელებთან და კლუბის წევრებთან ერთად იზეიმა ჩემპიონობა.

სხვათა შორის, ფოთში ზესტაფონელ გულშემატკივრებსაც ელოდებოდნენ, თუმცა იმერული კლუბის ფანები ზღვისპირეთში არ გამოჩენილან.

რუსთაველებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და ორი სახიფათო შეტევის შემდეგ სწრაფი გოლიც გაიტანეს. რევაზ გეწაძემ ჯარიმიდან მეკარის ბაქანთან ჩაჰკიდა ბურთი, სადაც შეტევაში ჩართულმა გივი კვარაცხელიამ მცველების უყურადღებობით ისარგებლა და თავით დალაშქრა ლადო ნადირაშვილის კარი.

სტუმართა მომდევნო სახიფათო შეტევაც გოლით დაგვირგვინდა. გიორგი სეთურიძემ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ირაკლი სიხარულიძემ მცველებს დაასწრო და ნადირაშვილი მეორეჯერ დაამწუხრა. რუსთაველთა სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. გულშემატკივრები სიმღერებითა და შეძახილებით ამხნევებდნენ რუსთავურ გუნდს.

გოლის შემდეგ სტუმრებს ტემპი არ დაუგდიათ. განსაკუთრებით, მეტოქეს გეწაძე-მაისურაძე-სიხარულიძის ტრიო აწიოკებდა. გეწაძის კუთხურების შემდეგ სიხარულიძეს ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა: პირველ ჯერზე მისი ტექნიკური თავური დარტყმა ოდნავ ასცდა მიზანს, მეორე ეპიზოდისას კი ეფექტური მაკრატელათი ცდილობდა გატანას, მაგრამ ისევ მცირედით ააცილა.

მანამდე რუსთაველები სეთურიძის წაქცევისთვის პენალტსაც ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა, რამაც სტუმრების აღშფოთება გამოიწვია.

რაც შეეხებათ ფოთელებს, დავით მახარაძის გუნდმა პირველ ტაიმში ერთი მეტ- ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნა, როცა პავლე დათუნაიშვილის საჯარიმო დარტყმა მეკარემ ხელებში ვერ შეიმაგრა. დამატებაზე ციცხვაიას შეეძლო გატანა, მაგრამ ბედიაშვილმა შეცდომა გამოასწორა და მდგომარეობა განმუხტა.

მეორე ტაიმში "კოლხეთი" საგრძნობლად გააქტიურდა. დათუნაიშვილმა ზედიზედ რამდენიმე კუთხური მოაწოდა, რომლებსაც რუსთაველთა კართან არეულობა და ხიფათი მოჰყვა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ფოთელები ვერ ყოჩაღობდნენ. რუსთაველები მასპინძლების შეტევებს კარგად იგერიებდნენ, თავად კი კონტრშეტევებზე ააწყვეს თამაში და ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ.

ჯერ იყო და, დიმიტრი ტატანაშვილს მოედანზე შემოსვლისთანავე შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მაისურაძის გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულს ნადირაშვილმა აჯობა. ბოლოს კი თექთურმანიძეს მართებდა გატანა. მან გავაშელიშვილის სოლორეიდისა და პასის შემდეგ დაარტყა, მაგრამ პირდაპირ მეკარეს დაუმიზნა.

მალე გაგნიძის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა და მოედანი რუსთავური გუნდის გულშემატკივრებით აივსო. ფეხბურთელებმა კობა ჟორჟიკაშვილი და კლუბის მმართველი ბუბა ტყავაძე ჰაერში ააბურთავეს და გასახდელში მას შემდეგ შევიდნენ, როცა ზეიმით იჯერეს გული.

დაბოლოს: მატჩს, სადაც ჩემპიონის ბედი ირკვეოდა, ფედერაციის მაღალჩინოსნები არ დასწრებიან და არც დაჯილდოების ცერემონია ჩატარებულა...

საქართველოს ჩემპიონატი. პლეი ოფი. ბოლო ტური
20.05. ფოთი. მუნიციპალური სტადიონი. 1500 მაყურებელი.
კოლხეთი-მეტალურგი 0:2
0:1 კვარაცხელია (11.გეწაძის პასით), 0:2 სიხარულიძე (17.სეთურიძის პასით)

კოლხეთი მეტალურგი
4-2-3-1 4-2-3-1
ნადირაშვილი ბედიაშვილი
ფოფხაძე სეთურიძე
ცხვიტარია კვარაცხელია
ლომაშვილი მახვილაძე
გაბუნია ჯაფარიძე
ცხადაია რაზმაძე
ქებაძე დობროვოლსკი
ტუღუში ქავთარაძე
გვალია ი. მაისურაძე
პ. დათუნაიშვილი გეწაძე
ციცხვაია სიხარულიძე

მწვრთნელები
დ. მახარაძე კ. ჟორჟიკაშვილი

კოლხეთი
46. ცხადაია - პავლიაშვილი
64. ცხვიტარია - ბოიომო
70. ლომაშვილი - გოგონაია
სათადარიგოები: ა. მიქაბერიძე, გ. კილასონია, ხატიაშვილი, წაბრია

მეტალურგი
15. ქავთარაძე - თექთურმანიძე
63. სიხარულიძე - ტატანაშვილი
78. დობროვოლსკი - გავაშელიშვილი
სათადარიგოები: თებიძე, მოდებაძე, გ. მიქაბერიძე, ზ. ჭელიძე

არბიტრი: ხ. გაგნიძე

გაფრთხილება: თექთურმანიძე (33), დათუნაიშვილი (34), გეწაძე (48), ფოფხაძე (60), მახვილაძე (70), ტატანაშვილი (77)
ნანახია: 670 | დაამატა: daundobeli777 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბოლო მატჩი
ცხრილი
შესვლის ფორმა
საათი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს?
სულ პასუხი: 1341
რეიტინგი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0