დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, სპორტის მინისტრმა - ლადო ვარძელაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ზვიად სიჭინავამ ერთობლივ ბრიფინგზე საგანგებო განცხადება გააკეთეს: „როგორც მოგეხსენებათ, საქართველო და აზერბაიჯანი, აზერბაიჯანის მხარის ინიციატივით, ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობის შესახებ უეფაში განაცხადის შეტანის თაობაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინიციატივასა და სხვადასხვა საორგანიზაციო დეტალებზე, ბოლო პერიოდის მანძილზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციებს, ასევე ორი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ აზერბაიჯანს შეტანილი აქვს განაცხადი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე და დაგეგმილია ძალზე სერიოზული კამპანია ოლიმპიური თამაშების უფლების მოპოვებაზე, საერთო შეთანხმებით გადაწყდა, რომ აზერბაიჯანის მხარე გააგრძელებს ბრძოლას ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის, საქართველოს მხარე კი, აზერბაიჯანისაგან დამოუკიდებლად უეფაში შეიტანს განაცხადს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე და მაქსიმალურად იბრძოლებს ამ უფლების მოსაპოვებლად. მოგეხსენებათ, საქართველოსთვის, როგორც მზარდი ტურისტული შესაძლებლობების მქონე ქვეყანისთვის ისეთი მასშტაბის სპორტული ტურნირის ორგანიზება, როგორიც ევროპის ჩემპიონატია არნახულად დადებითად იმოქმედებს ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე. საქართველოში ფეხბურთის სამომავლო განვითარების კუთხით დაიწყება ახალი, უპრეცედენტო ეტაპი და ქვეყანა სწრაფი ტემპებით პირდაპირ ჩაერთვება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მზადების ძალზე მასშტაბურ კამპანიაში. განხორციელდება არაერთი მსხვილი პროექტი ქვეყნის მასშტაბით არსებული ცენტრალური სტადიონების რეაბილიტაციისა და ზოგადად საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად უმაღლეს დონეზე მოწყობის მიზნით. სახელმწიფოს დახმარებით აშენდება ახალი ულტრათანამედროვე სტადიონი ბათუმში, ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოვა რეგიონებსა და თბილისში მდებარე ყველა ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის ინფრასტრუქტურა; მათ შორის ქუთაისის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ლანჩხუთის, გორის, რუსთავის, ასევე,ს თბილისში მდებარე ცენტრალური სტადიონები" - განაცხადა სპორტის მინისტრმა.
|