სატურნირო თვალსაზრისით, ამ მატჩის შედეგს მნიშვნელობა არ აქვს. ''სიონს’’ ''ტოპ 8’’-ში მოხვედრის არანაირი შანსი აღარ აქვს. შესაბამისად, ბოლნისელებს ისღა დარჩენიათ ''ფლეი აუტისათვის’’ მოემზადონ და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოლონ.
გასულ ტურში, ''სიონმა’’ ''კოლხეთს’’ უმასპინძლა და მოულოდნელად, ძალიან მოტივირებულ მეტოქეს 2 ქულა დააკარგვინა. როგორც ჩანს, ხვიჩა ქასრაშვილის შეგირდები ბოლომდე იცავენ ''პეარ პლეის’’ პრინციპებს. ამდენად, გასაკვირი არ იქნება, თუკი ბოლნისელები დღესაც ბოლომდე დაიხარჯებიან.
იშვიათად ნახავ ადამიანს, რომელსაც ჩემპიონატის არსებული ფორმატი მოსწონს, თუმცა ''მეტალურგის’’ ბანაკში, ალბათ, ყველა კმაყოფილია. ''ვირტუალ ცხრილში’’, რუსთაველები ევროპის ლიგის ზონაში იმყოფებიან, მაშინ როცა ძირითად ცხრილში, 9 ქულით ჩამორჩებიან ''ტორპედოსა’’ და ''დინამოს’’.
სტატისტიკის მოყვარულთათვის:
მიმდინარე სეზონში, ''მეტალურგს’’ შინ მხოლოდ 1 წაგება აქვს.
უმაღლეს ლიგაში, ''სიონი’’ ერთადერთი გუნდია, რომელსაც სტუმრად არ მოუგია.
ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირება ფრედ, 2-2 დასრულდა.
სავარაუდო შემადგენლობები:
მეტალურგი: ბედიაშვილი, სეთურიძე, კვარაცხელია, მახვილაძე, დობროვოლსკი, რაზმაძე, მაისურაძე, ქავთარაძე, გეწაძე, თექთურმანიძე, სიხარულიძე.
სიონი: ბობღიაშვილი, გველესიანი, კობაური, ქემოკლიძე, ჩიკვილაძე, სვანიძე, ჭანკოტაძე, ჯოჯუა, ბოლქვაძე, კაციტაძე, მეტრეველი.
|