2012 წლის 10 აპრილს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალური სტადიის პირველი მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” რუსთავის ”მეტალურგს” უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. ზესტაფონში გამართულ ნახევარფინალურ მატჩს ინტრიგა და დაძაბულობა ნამდვილად არ აკლდა - ერთმანეთის პირისპირ ხომ ეროვნული ჩემპიონატის ლიდერები და ქართული ოქროს დაუფლების მთავარი პრეტენდენტები წარდგნენ. ზესტაფონურ-რუსთავული ორმატჩიანი სათასო დაპირისპირების პირველი ნაწილი ორი ერთმანეთისაგან კარდინალურად განსხვავებული ნახევრისაგან შედგებოდა. თუკი პირველი ტაიმის უდიდეს ნაწილს მასპინძელთათვის ჩაგდებული ეთქმოდა და მთელ რიგ ეპიზოდში უკეთესად სტუმრები გამოიყურებოდნენ, მეორე ტაიმი უკვე იმერელთა საგრძნობი უპირატესობით წარიმართა და თამაშის ამ მონაკვეთში მასპინძელთა უპირატესობა ეჭვქვეშ აღარ დამდგარა. შეხვედრის პირველ ნახევარში ზესტაფონელებმა უჩვეულოდ ბევრი შეცდომა დაუშვეს და 36-ე წუთზე, მორიგი ასეთი შეცდომა ირაკლი სიხარულიძის მიერ მასპინძელთა კარში გატანილი გოლით დასრულდა. აქვე სათქმელია ისიც, რომ, გაშვებულ გოლს ზესტაფონელთა აქტიურობა და 41-ე წუთზე ჯაბა დვალის ანგარიშის გამთანაბრებელი გოლი მოჰყვა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შესვენების შემდეგ უპირატესობას ზესტაფონელები ფლობდნენ, თუმცა დღევანდელი მატჩის არბიტრ ლაშა სილაგავას საფინალო სასტვენმა მატჩის ფრედ (1-1) დასრულება გვაუწყა და ამ შედეგის გათვალისწინებით, განმეორებითი მატჩის წინ, უფრო კომფორტულ სიტუაციაში რუსთაველები იმყოფებიან.
|