
7 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრას ოთხივე მონაწილე გუნდის - „ზესტაფონის", „დილას", „მეტალურგისა" და „გაგრას" წარმომადგენლები ესწრებოდნენ და პროცესი ღია იყო მედიის წარმომადგენლებისთვისაც. ნახევარფინალები 10 და 18 აპრილს გაიმართება. საქართველოს თასის მოქმედი მფლობელი - „გაგრა", პირველ შეხვედრაში გორის„დილას" უმასპინძლებს. „ზესტაფონი" კი, რუსთავის „მეტალურგს" დაუხვდება. წილისყრის დასრულების შემდეგ, კლუბების წარმომადგენლებმა მცირე კომენტარებიც გააკეთეს. მიხეილ ხუციშვილი („ზესტაფონის" სპორტული დირექტორი): „შანსებს 50/50-ზე შევაფასებ. ოთხივე გუნდი საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენს და ყველაფერი მხოლოდდამხოლოდ მოედანზე გაირკვევა." თემურ მახარაძე („დილას" მთავარი მწვრთნელი): „ახლა, შანსებზე ვერაფერს გეტყვით. ძალიან ღირსეული მოწინააღმდეგე შეგვხვდა „გაგრას" სახით და წინ სერიოზული ბრძოლები გველის. ჩვენი მოწინააღმდეგე კარგად შეთამაშებული, ახალგაზრდული და ბრძოლისუნარიანი გუნდია." რაც შეეხება ფინალს, მატჩი 26 მაისს გაიმართება. ფინალურ შეხვედრას „მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონი ან ქუთაისის ცენტრალური არენა უმასპინძლებს. იმერული სტადიონის ხელმძღვანელობასთან ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე, ზუსტი პასუხი ცნობილი არაა.
|