რუსთავის "მეტალურგმა” ალბანეთის "ტეუტას” წინააღნდეგობა დასკვნით 15 წუთში "გატეხა” და მეტოქის კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანა, არადა, თამაშის ბედი გაცილებით ადრეც უნდა გადაწყვეტილიყო. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი დასაწყისიდანვე ყოჩაღად გამოიყურებოდა და მიუხედავად სტუმრის სტატუსისა, თამაშს სრულად აკონტროლებდა. რუსთაველთა თამაშის ხილვა მით უფრო სასიამოვნო გახლდათ, რომ უკვე ნანახი გვქონდა ”ტორპედოსა” და ”აკტობეს” არცთუ სანახაობრივი შეხვედრა, რომელშიც ქუთაისურმა კლუბმა იმედები აშკარად გაგვიცრუა და მხოლოდ ყაიმს დასჯერდა. რაც შეეხება ’’მეტალურგს”, ამ გუნდმა შინაურ კედლებში საკმაოდ უხერხულ მეტოქედ მიჩნეულ ალბანელებს შანსი არ დაუტოვა და ქართულ საევროთასო რეიტინგსაც ძალიან საჭირო ქულები შემატა. შეხვედრის სტენოგრამისთვის თვალის ერთი გადავლებითაც სჩანს, რომ თამაშის ბედი ბოლოსკენ გადაწყდა. შეხევდრაში ანგარიში დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა, რომელიც მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა, ორ წუთში კი მასპინძელთა გოლკიპერი ბლედიან რიზვანი დაამწუხრა. ცოტა ხანში კი, "მეტალურგის” კაპიტან გივი კვარაცხელიას ჯერიც დადგა, რომელმაც ჯერ თამაშიდან იხეირა, მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი პენალტიც ზუსტად შეასრულა. რუსთავული კლუბი განმეორებით შეხვედრას 12 ივლისს ჩაატარებს და ცხადია, შემდეგ ეტაპზე გასვლის უპირობო ფავორიტადაც ითვლება. უკფვე ცნობილია, რომ მომავალი მატჩი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიწყება.