მთავარი » 2012 » მარტი » 26 » სკ ზესტაფონი (ზესტაფონი) 2-1 სკ მეტალურგი (რუსთავი)
2:01 PM
სკ ზესტაფონი (ზესტაფონი) 2-1 სკ მეტალურგი (რუსთავი)

ამ მატჩის მნიშვნელობაზე საუბარი, ალბათ, ზედმეტია, მაგრამ მაინც ვიტყვით. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერი - „ზესტაფონი", ურთიერთდაპირისპირებამდე, მხოლოდ 2 ქულით უსწრებდა უახლოეს მდევარს, პლეი ოფში უდანაკარგოდ მოთამაშე „მეტალურგს". იმის გათვალისწინებით, რომ „ფეროელებს" ერთი გამოტოვებული მატჩი აქვთ თადარიგში, დღევანდელი თამაშის მოგების შემთხვევაში, ისინი სოლიდურ ჰანდიკაპს იქმნიდნენ საჩემპიონო რბოლაში. რუსთაველები კი, „დავით აბაშიძეზე"  გამარჯვების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცეოდნენ და მერე, ვინ იცის, ეგებ აღარც დაეთმოთ პირველობა. აი, ასეთი მძაფრი ინტრიგა ახლდა მართლაც რომ უპრინციპულეს დაპირისპირებას.  ყველა მოუთმენლად ელოდა პლეი ოფის ფავორიტთა ჯახს და, წინასწარ ვიტყვით, მოლოდინმა გაამართლა – ზესტაფონურ არენაზე შეკრებილი  აუდიტორია საინტერესო, დაძაბული ბურთაობის მოწმე გახდა.
თამაში მასპინძელთა იერიშებით დაიწყო. მე-2 წუთზე, შოთა გრიგალაშვილმა სტუმართა ნახევარზე, მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, მაგრამ შეტევის გაგრძელება ვერ შეძლო, გივი კვარაცხელიამ ზესტაფონელი აკრძალული ილეთით შეაჩერა და ამისთვის ყვითელი ბარათიც ირგუნა. ჯარიმა თავად დაზარალებულმა შეასრულა. გრიგალაშვილმა სამეკარეოში ჩაჰკიდა, ჯაბა დვალს ბურთზე აუცდა, მაგრამ იქვე ედიკ საჯაია იმყოფებოდა, რომლის ფეხიდან ასხლეტილი ბურთი გრიგოლ ბედიაშვილმა კუთხურზე გადააგდო. ამ ეპიზოდში, რუსთაველები აშკარად გადაურჩნენ გოლს, მაგრამ მორიგი ხიფათის თავიდან აცილება ვეღარ მოახერხეს. ეს მე-5 წუთზე მოხდა - ზესტაფონელები მეტოქის მხარეს აუტს აწოდებდნენ; ბურთი დავით მუჯირს მიუვიდა, რომელმაც ახლოს მყოფ გრიგალაშვილს დაუგდო, ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით წინ გადააწოდა დვალს, რომელიც იოლად დაუსხლტდა მცველს და კუთხიდან შევიდა საჯარიმოში, სტუმართა მეკარე წინ გამოვიდა მდგომარეობის განსამუხტად, ოღონდ ჯაბას დარტყმული ბურთი სწორედ მას მოხვდა და ისე შევარდა კარში.
სწრაფმა გოლმა ზესტაფონელები კიდევ უფრო გაათამამა და მე-10 წუთზე, მათ ანგარიშის გაზრდის საუკეთესო შესაძლებლობა მიეცათ. „მეტალურგის" საჯარიმოში შექმნილი არეულობისას, გრიგალაშვილმა უმეთვალყურეოდ დარჩენილი გორგიაშვილი მოძებნა. თორნიკეს დარტყმას არავინ უშლიდა, მაგრამ შანსით ვერ ისარგებლა, ფაქტობრივად, დაუცველ კარს ააცილა.
ამ ეპიზოდის შემდეგ, რუსთაველები გონს მოეგენ და თამაშის დალაგებას შეეცადნენ. სტუმრები მრავალრიცხოვანი მოკლე პასებით გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე. მე-13 წუთზე, მათი სწრაფი შეტევა ირაკლი მაისურაძემ დაასრულა შორეული დარტყმით – როინ კვასხვაძემ კუთხურზე გადააგდო რთულად ასაღები ბურთი. 23-ე წუთი იყო და ისევ მაისურაძემ შეაწუხა მასპინძლები. სტუმართაგან ყველაზე აქტიურმა მოთამაშემ, თავად შეიქმნა ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ საჯარიმოს წინა ხაზიდან დაბალ კუთხეში არაზუსტად გაისროლა.
28-ე წუთზე, რუსთაველთა „ათიანმა" - გიორგი თექთურმანიძემ დაარტყა სახიფათოდ მასპინძელთა კარისკენ, ოღონდ მანაც ააცილა. სტუმართა შემართულმა თამაშმა მაინც გამოიღო ნაყოფი. 30-ე წუთზე, მაისურაძე „ფეროელთა" საჯარიმოს წინ დაეუფლა პარტნიორის მიერ ცენტრიდან დარტყმულ ბურთს და უმალ საუკეთესო გაგრძელებას მიაგნო, მოკლე გადაცემით, ირაკლი სიხარულიძე დატოვა როინ კვასხვაძესთან პირისპირ. სიხარულიძემაც იყოჩაღა და მეკარეს დაუცველ კუთხეში დაურტყა – 1:1.
ეს ანგარიში მხოლოდ შვიდ წუთს შენარჩუნდა. შეიძლება ითქვას, „მეტალურგმა" კურიოზული გოლი მიიღო. მასპინძელთა კაპიტანმა - თორნიკე აფციაურმა მარჯვნიდან შეასრულა საჯარიმო, სამეკარეოში  შორეულ ძელთან ჩაჰკიდა, იქ გიორგი ონიანი შეეგება ბურთს, უფრო სწორად, ბურთი მას კისერში მოხვდა და აბრაგანით „ცხრიანში" გაეხვა – 2:1. შესვენებამდე 2:2-ის დაფიქსირებაც იოლად შეიძლებოდა, მაგრამ 39-ე წუთზე, კვასხვაძესთან პირისპირ გასულმა ლაშა ჯაფარიძემ მიზანს ააცილა.
მე-2 ტაიმი ოდენ გახშირებული ძალისმიერი ორთაბრძოლებით და საგოლე მომენტების სიმცირით გამოირჩა. ჩვენში ბურთის ფლობის პროცენტებს არავინ ითვლის. თვალნათლივ ჩანდა, რომ ბურთს უფრო მეტად სტუმრები აკონტროლებდნენ. ეგ იყო, ამ უპირატესობიდან სარგებელს ვერ პოულობდნენ. „ზესტაფონმა" აშკარად კონტრიერიშებზე ააგო თამაში და ამ ტაქტიკამ გაამართლა კიდეც. მასპინძლები დინჯად იგერიებდნენ მეტოქის შემოტევებს და სახიფათოდაც იჩხვლიტებოდნენ. თამაშის მიწურულს, ჯაბა დვალს ორჯერ შეეძლო საკუთარი გოლების სათვალავის გაზრდა, მაგრამ არ გაუმართლა.
„ზესტაფონმა" ამ გამარჯვებით დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ
კობა ჟორჟიკაშვილი: „მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. „ზესტაფონი" კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და კარგ ფეხბურთსაც თამაშობს. ჩვენი ამოცანა იყო, მასპინძლებისთვის კომბინაციური თამაშის საშუალება არ მიგვეცა. ეს კი შევძელით, მაგრამ 2 მიუტევებელი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ".
გიორგი ჭიაბრიშვილი: „რთული მატჩი იყო. „დინამოსთან" თამაშს ბევრი ძალა შევალიეთ, ეს დღეს კარგად იგრძნობოდა. საერთოდ, ჩვენთან თამაშს ყველა, როგორც უკანასკნელ ბრძოლას, ისე განიხილავს. რაღა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი ვართ, ოქროს ფასის მქონე 3 ქულა მოვიპოვეთ".

„ზესტაფონი" – „მეტალურგი" (რუსთავი) 2:1 (2:1)
25 მარტი. 15:00. ზესტაფონი. „დავით აბაშიძე"
„ზესტაფონი":
 როინ კვასხვაძე, თემურ ღონღაძე, გიორგი ონიანი, საჯაია, ელიავა, მენთეშაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი (გოგა ბერაია, 79), შოთა გრიგალაშვილი, აფციაური (შარიქაძე, 54), დავით მუჯირი (რაჟამაშვილი, 60), დვალი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.
მეტალურგი": ბედიაშვილი, ქავთარაძე (ტატანაშვილი,62), გივი კვარაცხელია, რაზმაძე, მახვილაძე (გიორგი სეთურიძე, 75), ირაკლი მაისურაძე, სევასტი თოდუა, თექთურმანიძე, სიხარულიძე, გავაშელიშვილი, ლაშა ჯაფარიძე (გეწაძე, 62).
მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი.
გოლები: 1:0 დვალი (5), 1:1 სიხარულიძე (30), 2:1 ონიანი (37).
გაფრთხილება: კვარაცხელია (2), მენთეშაშვილი (24), თექთურმანიძე (69).
მსაჯები: ლევან კვარაცხელია, გურამ ჩიგოგიძე, მამუკა ელიკაშვილი, ხვიჩა გაგნიძე.

ნანახია: 691 | დაამატა: daundobeli777 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 daundobeli777  
0
sad sad

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბოლო მატჩი
ცხრილი
შესვლის ფორმა
საათი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს?
სულ პასუხი: 1341
რეიტინგი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0