მთავარი » 2012 » ივლისი » 27 » გია კვარაცხელია: ჩვენი მეტოქე ჩვენვე ვიქნებით და საკუთარ თავს უნდა ვაჯობოთ
11:32 AM
გია კვარაცხელია: ჩვენი მეტოქე ჩვენვე ვიქნებით და საკუთარ თავს უნდა ვაჯობოთ


12 ივლისს რუსთავის "მეტალურგი" "მიხეილ მესხზე" ალბანურ "ტეუტას" შეხვდება და ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლას შეეცდება.

ეს რომ სავსებით რეალურია, პირველი შეხვედრის შედეგიც მეტყველებს: დურესში მოპოვებული დიდი უპირატესობის (3:0) განიავება წარმოუდგენელი ჩანს. 

თუმცა პირველი შეხვედრის გმირი, "მეტალურგის" კაპიტანი გია კვარაცხელია ამბობს, რომ სიფრთხილე და მეტოქის დაფასება აუცილებელია: 

- დურესში დიდი ანგარიშით მოგებამ ალბანელებზე ბევრს არასწორი წარმოდგენა შეუქმნა. ფიქრობენ, რომ "ტეუტა" სუსტი გუნდია. ეს "მეტალურგის" შეუფასებლობა უფრო არის. 

საკუთარი გუნდის ქება უხერხულია, მაგრამ არავინ მოტყუვდეს, "ტეუტა" დასაწყისში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, პირველი ტაიმის ნაწილი კი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ალბანელები სახლში ყოველთვის კარგად თამაშობენ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ მოგვიგებდნენ. 

მაგრამ მოულოდნელად ჩვენს ისეთ პლუსს წააწყდნენ, რასაც ქართველებისგან ვერაფრით წარმოიდგენდნენ - ეს ჩვენი ფიზიკური მომზადება იყო. 

სერბი ფიზმომზადების სპეციალისტი გვავარჯიშებდა და სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია, ასე კარგად არ მოვმზადებულვარ. თანაც, სლოვენიურ შეკრებებზე ძლიერ გუნდებს შევხვდით და ამანაც თავისი როლი ითამაშა. 

აუტანელი სიცხის მიუხედავად, გავძელით. მეტოქე კი დაიღალა და ბოლო წუთებზე წინააღმდეგობა ვეღარ გაგვიწია. კარგი შეცვლებიც განხორციელდა, მიქაბერიძე და ტატანაშვილი თამაშში მაგრად ჩაერთვნენ და ჩვენი უპირატესობა გოლებში მათი აქტიურობისა და კარგი თამაშის ხარჯზეც აისახა. 

სხვათა შორის, მომენტების 50 პროცენტიც რომ გამოგვეყენებინა, გაცილებით დიდი ანგარიშით მოვიგებდით. 

- შენი გოლები არავის უკვირს, მაგრამ გასვლით შეხვედრაში ცენტრალური მცველის დუბლი მაინც გასაოცარია...
- მეორე გოლი პენალტით გავიტანე და ეს ჩვეულებრივი ამბავია. თერთმეტმეტრიანს ის ასრულებს, ვინც თავდაჯერებულია. პირველი გოლი კი სტანდარტულის შემდეგ გავიტანე. ეს შეტევაში მცველის ჩართვის ერთადერთი შანსია და საჭირო ადგილზე დროულად აღმოვჩნდი.

- გულახდილად ვთქვათ: მოგებას ვინ ჩივის, მატჩს შიშით ველოდით, რადგან ტყავაძის წასვლის შემდეგ გუნდი გაურკვევლობაში იყო და ბევრმა ჩათვალა, რომ "მეტალურგი" იშლებოდა... 
- საბედნიეროდ, ეს არის ჭორები. გუნდი შენარჩუნდა და ისევ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ბუბა უკვე "დინამოშია" და ახლა თამამად ვიტყვი: ტყავაძისა და მისი თანამოაზრეების, აკა ქავთარაძის, კახა კოპალეიშვილის და კობა ჟორჟიკაშვილის დამსახურება არის, რუსთავში ერთსულოვანი გუნდი რომ ჩამოყალიბდა. 

ურთიერთობები კი სათავიდან იწყება - რაც თავში ხდება, ის ბოლოსაც გადაეცემა და თამაშზეც აისახება. ჩვენთან, დამლაგებლით დაწყებული, ხელმძღვანელობით დასრულებული, ყველა ერთმანეთზე ზრუნავს და სასიამოვნო აურაა. 

ერთ ამბავს გავიხსენებ და მიხვდებით, გუნდში როგორი ვითარებაა: ალბანეთში მივფრინავდით და ჩამეძინა. თვალები რომ გავახილე, ვიღაცას თბილი მოსასხამი გადაეფარებინა - გამიკვირდა, სად მოძებნეს-მეთქი. თურმე, აკა ქავთარაძემ ეკიპაჟის წევრები შეაწუხა, რომ არ გავციებულიყავი. 

ეს არ არის წვრილმანი, გუნდში არსებულ ვითარებაზე ყველაზე კარგად მეტყველებს. როდესაც ხელმძღვანელებისგან ზრუნვას გრძნობ, მოედანზე დამატებითი სტიმულითა და პასუხისმგებლობის გრძნობით გადიხარ. 

- გულწრფელად თქვი, უკვე შემდეგ ეტაპზე თამაშზე ფიქრობთ?
- გასვლაზე 3:0 მოგება სერიოზული ფორაა, მაგრამ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. მე ასე ვფიქრობ - საკუთარ თავსაც პატივი უნდა სცე და მეტოქესაც. 

- გასვლაზე რომელ ქართულ გუნდებსაც მოუგია, მერე დამშვიდებულა და ეს ბევრჯერ ცუდად შემოტრიალებია. არადა, ახლა გულშემატკივარი "ტეუტასთან" ბევრ გოლს და ლამაზ ფეხბურთს ელის - იმედი არ უნდა გაგვიცრუოთ...
- მეც იმის თქმა მსურს, რომ 12 ივლისს ყველაზე რთული შეხვედრა გველის, სადაც "მეტალურგის" მეტოქე ჩვენვე ვიქნებით და განსაკუთრებული მონდომება გვესაჭიროება.

გია კვარაცხელია: საკუთარ თავს უნდა ვაჯობოთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნანახია: 670 | დაამატა: daundobeli777 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ბოლო მატჩი
ცხრილი
შესვლის ფორმა
საათი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს?
სულ პასუხი: 1340
რეიტინგი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0